„ქართუ ჯგუფის“ უცხოელი აქციონერები საერთაშორისო სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ
„ქართუ ჯგუფის“ უცხოელი აქციონერები საერთაშორისო სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ
15:30 09.07.2012
სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ უცხოელ აქციონერთა ადვოკატები საქართველოს ხელისუფლებას ხვალ დაგეგმილ აუქციონზე, „ქართუ ჯგუფის“ 16 აქციონერის აქციების გაყიდვის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.
ეს მოწოდება უფლებადამცველებმა დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
ს/ს „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% ხვალ აუქციონზე უნდა გაიყიდოს, რაც ხელისუფლების მიერ ბიძინა ბიზნესმენ ივანიშვილისთვის ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის დაფარვის საშუალება უნდა გახდეს, თუმცა, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, „ქართუ ჯგუფს“ 16 აქციონერი ჰყავს, აქედან, 14 უცხოური კომპანიაა, დანარჩენი 2 ქართულია, რომელთა აქციონერებიც, ასევე, უცხოელები არიან.
„ბიძინა ივანიშვილს „ქართუ ჯგუფის“ არც ერთი აქცია არ ეკუთვნის. ის, ასევე, არ ფლობს წილს „ქართუ ჯგუფის“ უცხოურ კომპანიებში და შესაბამისად, „ქართუ ჯგუფის“ აქციები ბიძინა ივანიშვილს არანაირად არ უკავშირდება“ - განაცხადა ადვოკატმა ქრის ვასილიადესმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი არ არის არც „ქართუ ჯგუფისა“ და არც „ბანკი ქართუს“ ბენეფიციარი, მესაკუთრე.
ამასთან, ადვოკატმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს აუქციონზე „ქართუ ჯგუფის“ 16 აქციონერის აქციების გაყიდვა, რადგან ეს სხვისი ქონებაა.
„იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამ განცხადებას არ შეისმენს და „ქართუ ჯგუფის“ აქციებს იძულებითი აუქციონის გზით, მაინც გაასხვისებს, მაშინ ეს შეფასდება, როგორც უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაცია და უცხოელი ინვესტორები და კომპანიები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივ დავას დაიწყებენ“ - განაცხადა ვასილიადესმა.
მისივე თქმით, გამოყენებული იქნება ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი და საქმეში ჩაერთვებიან ამ სახის საქმეებზე მომუშავე სხვა იურიდიული ფირმებიც.
აღნიშნული უცხოური კომპანიები დარეგისტირებული არიან კვიპროსში, ბელიზსა და ვირჯინიის კუნძულებზე.

ბეჭდვა