სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
#8 დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგის დროს, პატიმართა მხრიდან მთავარ პრობლემად ეტაპირების პროცესის გაჭიანურება დასახელდა. ამის შესახებ სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პატიმრები მთავარ პრობლემად #8 დაწესებულებაში მათ დიდხნიან დაყოვნებას მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა უკვე დიდი ხნის მსჯავრდებულია, მათი შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადაყვანა არ ხდება და ეტაპირებას განუსაზღვრელი ვადით ელოდებიან.
მათივე ინფორმაციით, პატიმრები სრულყოფილად ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით, რადგან გასეირნება 15–20 წუთი გრძელდება, ნაცვლად, კანონით გათვალისწინებული 1 საათისა. მათმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ დაწესებულების მაღაზიაში ძალიან იშვიათია ხილ–ბოსტნეული.
„რაც შეეხება მათ მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობას, პატიმართა უმრავლესობამ განაცხადა, რომ თანამშრომლების მხრიდან გამოწვევას და შეურაცხყოფას ადგილი არ აქვს, თუმცა, #8 დაწესებულებაში გადამეტებულად მკაცრი რეჟიმი კვლავ პრობლემას წარმოადგენს. კერძოდ, საკანში ხმაურად ითვლება საშუალო ხმაზე ლაპარაკი და საშუალო ხმაზე რადიოს მოსმენაც, რის გამოც პატიმრები იძულებულნი არიან თითქმის ჩურჩულით ესაუბრონ ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მათ დასჯას და სამარტოო საკანში მოთავსებას გამოიწვევს“- აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები.
მათივე თქმით, პატიმართა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ 17:00 საათამდე საკანში საკუთარ საწოლზე დაწოლა ეკრძალებათ, 17:00 საათიდან 22:00 საათამდე არ შეიძლება დაძინება, ხოლო 22:00 საათზე საწოლებში აუცილებლად უნდა დაწვნენ.
„აგრეთვე, მათი გადმოცემით, სამარტოო საკანში მოთავსებით ისჯება სხვა, თუნდაც ნაცნობ პატიმართან მხოლოდ მისალმებაც კი. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ ფანჯრიდან ყურება, განსაკუთრებით ეს იმ კორპუსებსა და საკნებში განთავსებულ პატიმრებს ეხება, რომელთა საკნის ფანჯრები ადმინისტრაციის შენობისკენ გადის“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე თქმით, სამარტოო საკანში მოთავსებულმა რამდენიმე პირმა, რომელმაც აღნიშნულის გასაჯაროება არ ისურვა, განაცხადა, რომ სწორედ დღის საათებში საკუთარ საწოლზე წამოწოლისთვის, ზოგიერთი ხმამაღალი გაცინებისთვის დასაჯეს.
„სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს ლეიბი საღამოს საათებში -დაახლოებით 22:00 სთ–ზე ეძლევათ, ხოლო დილით, დაახლოებით 09:00–10:00 საათზე ლეიბი გააქვთ. გადასაფარებელი არ ეძლევათ. დღის განმავლობაში აკეცილია სამარტოო საკნებში არსებული საწოლი და პატიმრებს მთელი დღე ფეხზე დგომა ან სკამზე ჯდომა უწევთ“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
#8 დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგის დროს ასევე, გაირკვა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, პატიმრებისთვის ხელმისაწვდომია ექიმის მომსახურებაც. ისინი ასევე, დაუბრკოლებლად ხვდებიან თავიანთ ადვოკატებს, სასულიერო პირებს, თუმცა, ამავე დროს, პატიმრებს კვლავ არ აქვთ ტელევიზორები. დაწესებულებაში მკვეთრად არის შეზღუდული პრესაზე ხელმისაწვდომობაც.
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგი 8 ივლისს განახორციელეს.
