ზაქარია ქუცნაშვილის მამა როინ ქუცნაშვილი დღეს საპატიმროდან გაათავისუფლეს
ზაქარია ქუცნაშვილის მამა როინ ქუცნაშვილი დღეს საპატიმროდან გაათავისუფლეს
14:54 09.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატის ზაქარია ქუცნაშვილის მამა როინ ქუცნაშვილი დღეს გაათავისუფლეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, როინ ქუცნაშვილი 4 წლიანი საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
მისი თქმით, აღნიშნული სასჯელი უკანონო იყო, რადგან მას სამართლებრივი თვალსაზრისით ბრალს დამკვეთის სახსრების მითვისებასა და საანგარიშგებო დოკუმენტების გაყალბებაში სდებდნენ.
„სასამართლო პროცესზე ამერიკელი დამკვეთი თავად გამოცხადდა და განაცხადა, რომ მამას არაფერი მიუთვისებია და მისი კომპანიის “Geo Engineering“-ის მუშაობით ძალიან კმაყოფილი იყო. ამის შემდეგ იძულებულნი გახდნენ, მამა დამკვეთის სახსრების მითვისების ნაწილში გაემართლებინათ, მაგრამ იმის გამო, რომ მისი დაპატიმრება შეკვეთილი იყო, იგი საანგარიშგებო დოკუმენტების გაყალბების ნაწილში დამნაშავედ ცნეს“ - განმარტა ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, დაპატიმრების მოტივი პოლიტიკური იყო, რადგან მან „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებაზე უარი განაცხადა.
„ასევე, მისი შვილი აქტიურად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, რის გამოც ჩვენი ოჯახი შურის საძიებელ პირთა სიაში მოხდა. ამ ყველაფრის დამკვეთი კეზერაშვილი იყო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ „კასირი“ და მაშინდელი ფინანსური პოლიციის არაოფიციალური მმართველი“ - განმარტა ქუცნაშვილმა.
ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის მამა როინ ქუცნაშვილი 2008 წლის ივლისში დააკავეს.

ბეჭდვა