სახალხო დამცველი აპარატის განცხადებით, მე-8-ე დაწესებულების პატიმრები სპეცრაზმის შესვლაზე ინფორმაციას უარყოფენ
სახალხო დამცველი აპარატის განცხადებით, მე-8-ე დაწესებულების პატიმრები სპეცრაზმის შესვლაზე ინფორმაციას უარყოფენ
14:24 09.07.2012
სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  თბილისის #8 დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგი განახორციელეს. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის ვებ-გვერდზეა ნათქვამი.
ინფორმაციის თანახმად, მონიტორინგის ჩატარების საფუძველი 6, 7 და 8 ივლისს მასმედიის და სოციალური ქსელების საშუალებებით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, #8 დაწესებულების პატიმრებმა მასობრივი არეულობა და ბუნტი მოაწყვეს, რის გამოც დაწესებულებაში სპეცრაზმი შეიყვანეს.
სახალხო დამცველის აპაატის წარმომადგენლების თქმით, იმავე ინფორმაციის თანახმად, #8 დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლას პატიმართა უფლებების მასობრივი დარღვევა მოჰყვა, რის შედეგადაც არაერთ პატიმარს დაზიანებები მიადგა და რამდენიმე გარდაიცვალა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ჯერ კიდევ 6 ივლისს, ღამის საათებში, ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მივიდნენ #8 დაწესებულებაში, სადაც დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
„პრევენციული ჯგუფის წევრების 8 ივლისის ხელახალი მონიტორინგის დროს ისინი პირადად შეხვდნენ და ესაუბრნენ 400-მდე ბრალდებულსა და მსჯავრდებულს. მოინახულეს A, B, C, D და E საცხოვრებელი კორპუსების 48 საკანი და მათში განთავსებული 334 პატიმარი. გარდა ამისა, შეამოწმეს სამარტოო საკნები და ესაუბრნენ იქ მოთავსებულ ყველა მსჯავრდებულს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, პრევენციული ჯგუფის წევრებმა ასევე, შეამოწმეს დაწესებულების ყველა საკარანტინე საკანი, რომელთაგან მონიტორინგის დროს 6 საკანი იყო დატვირთული, სადაც 33 ბრალდებულია მოთავსებული. საერთო ჯამში მონიტორინგის დროს 391 პატიმარი მოინახულეს.
„ყველა გამოკითხულმა პატიმარმა უარყო დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლის და მათ მიერ პატიმართა ცემის ფაქტი. მონახულებული პატიმრებიდან არცერთს არ აღენიშნებოდა ცემისთვის ან არასათანადო მოპყრობისთვის დამახასიათებელი დაზიანებები. საცხოვრებელ კორპუსებში მყოფმა ყველა პატიმარმა განაცხადა, რომ მათ რადიოს საშუალებით შეიტყვეს უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია და მას დეზინფორმაცია უწოდეს“- აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.
მათი განცხადებით, პრევენციული ჯგუფის წევრები ასევე, დაინტერესდნენ #8 დაწესებულებაში უკანასკნელ დღეებში პატიმრების გარდაცვალების ფაქტითაც, თუმცა, მათივე ინფორმაციით, მსგავსი ფაქტის შესახებ არცერთ პატიმარს არ სმენია.



ბეჭდვა