„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მგგ-ის საკითხებზე სადისკუსიო შეხვედრა გამართეს
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მგგ-ის საკითხებზე სადისკუსიო შეხვედრა გამართეს
16:05 22.01.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების სამართლებრივ შეფასებაზე სადისკუსიო მაგიდა გამართა, რომელიც საკითხის სამართლებრივი და ფაქტობრივი მხარის შეფასებას შეეხო და განხილულ იქნა თბილისის მგგ-ის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის გამჭვირვალობის, შესყიდვების პროცესის საჯაროობის, მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულებისა და პირობების, შემსრულებელი ორგანიზაციის დაჯარიმების, განახლებული საპროექტო წინადადების ხარისხისა და პროცესთან დაკავშირებულ გავლენიან პირთა პირადი და ბიზნესს ინტერესების საკითხები.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თბილისის მმგ-ს შექმნა რეალურად წარმოადგენს გავლენიანი ბიზნეს-ჯგუფების ინტერესებს და სახელმწიფოს მიერ მომსახურების ღირებულებისთვის ასტონომიული თანხა - 2800000-00 მილიონი ლარი არ უნდა გადაეხადა. ორგანიზაციამ ანალიზი გაუკეთა საერთო სასამართლოებიდან მიღებულ დოკუმენტაციას, რომლითაც დგინდება, რომ თბილსიის მგგ-ის განახლებული დოკუმენტი იმეორებს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის (ოპერატიული) გეგმის“ იმ დოკუმენტის პრინციპებს და შინაარსობრივ მიდგომებს, რომელიც 2009 წელს იქნა, ჯერ დაწუნებული, შემდეგ მიღებული. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის მგგ-ის დოკუმენტი სახეცვლილია მხოლოდ იმ ნაწილში, რომ ამოღებულია „ოპერატიულობის“ კომპონენტი, ხოლო დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან წინა გეგმის მომზადების დროს, მომსახურების ღირებულება შეადგენდა - 18 9991.80 ლარი. მაშინ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სადავო გახდა II ეტაპის პირველი და მეორე საშუალედო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება და მათი ღირებულების განსაზღვრა. აღნიშნული დავა 2010 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შემსრულებელი ორგანიზაციის სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა არ მომხდარა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, აღსრულების მოთხოვნებით დავა კვლავ სასამართლოში გაგრძელდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 8 დეკემბრის საბოლოო გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. შედეგად, მერიას დაეკისრა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მეორე ეტაპის პირველი საშუალედო ეტაპის ღირებულების - 28 498,77 ლარის ანაზღაურება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სახეზეა ერთმანეთთან დაახლოებული ჯგუფის საერთო ინტერესები, დედაქალაქის მთავრობის ყოველი ცვლილების შემდეგ თბილისის მგგ-ის განახლების წამოწყებით ერთი და იმავე დოკუმენტით მანიპულირებას და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სარგებლის მიღებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2017 წლის 21 დეკემბერსა და 2018 წლის 15 იანვარს მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, შემსრულებელი ორგანიზაცია „სიტი ინსტიტუტი საქართველო“ დაჯარიმდა ა) მეორე ეტაპზე 5600 ლარით, ბ) მეოთხე ეტაპზე დაჯარიმდა ორჯერ 5600 და 140000-00 ლარით, ბ) მეექვსე ეტაპზე დაჯარიმდა ორჯერ 5600-00 და 140000-00 ლარით. ამასთან, შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, მომსახურების ღირებულების გადასახდელი 2800000-00 მილიონი ლარის გადახდა, ხელშეკრულების დანართი #3-ის მიხედვით, განაწილდა შემდეგნაირად - პირველ ეტაპზე - 620000-00 ლარი, მეორე ეტაპზე - 46 0000-00 ლარი, მესამე ეტაპზე - 48 0000-00 ლარი, მეოთხე ეტაპზე - 440000-00 ლარი, მეხუთე ეტაპი არ ითვალისწინებდა თანხის გადახდას, ხოლო მეექვსე ეტაპის საბოლოო მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიამ შესმრულებელ ორგანიზაციას, 2018 წლის 12 იანვარს, გონივრული ვადა შესთავაზა, რაც 45-დღიანი პერიოდით შემოიფარგლა და 25 თებერვლისთვის სრულდება.

„ბატონ მერაბ ბოლქვაძეს ვერ წარმოუდგენია, თუკი პროფესიაში მყოფი ახალგაზრდები აქტიურ პოზიციას ვიჩენთ და არ ვეგუებით ფულის კეთების ტრადიციად ქცეულ პროცესს, თბილისის მგგ-ის სახელით. ჩვენი საზოგადოება დაიღალა დილეტანტებით და პროფესიის გამყიდველობით. მოვუწოდებ ბატონ მერაბ ბოლქვაძეს შეისწავლოს ჩემი და ჩემი კოლეგების პროფესიული ბიოგრაფია, ჩვენი ორგანიზაცია და იფიქროს ჩვენს წინაარმდეგ უფრო სერიოზულ სამხილებზე, თუკი ასეთი სამხილები ბუნებაშია, რადგანაც არასაკმარისი და არასერიოზული სწორედ ის მგონია, როდესაც პასუხი არ გაგაჩნია დოკუმენტურად წარდგენილ მხილებაზე და ამ მხილების საფუძვლებს „გაბოროტებაში“ ხედავ. შემსრულებელ ორგანიზაციასთან მზად ვარ ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის და ვაფასებ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მამუკა სალუქვაძის დამოკიდებულებებს, პირადი შეურაცხყოფის გარეშე წარმართოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული იყოს ეს აზრი, ეს ჩემი და ჩემი ორგანიზაციის ყველა წევრის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. რაც შეეხება მერაბ ბოლქვაძეს, მის და მასთან ერთად, სხვა შემსრულებელი არქიტექტორების პროფესიულ სინდისზეა საჯარო ინტერესების ღალატი. მაგალითისთვის იხილეთ - მიროტაძისა და ფიზკულტურის ქუჩების მიმდებარე ტეროტორიისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესრულებული გეგმარებითი დავალება და UNESCO-ს დასკვნა მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიუღებლობაზე“ - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა თბილისის მგგ-ის დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორის, მერაბ ბოლქვაძის შეფასების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში, 2018 წლის 18 იანვარს, თბილისის მგგ-ის საკითხებზე მსჯელობის შემდგომ, არჩილ კაიკაციშვილს „გაბოროტებული ადამიანი“ უწოდა და ორგანიზაციას მოუწოდა დოკუმენტის შინაარსში ჩაეხედა და გარკვეულიყო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტის, რუსლან ალექსიძის განცხადებით, სადავო ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეოთხე ეტაპზე, როდესაც „შემსრულებელს“ დაეკისრა 140 000 ლარი ჯარიმის სახით, რაც ხელშეკრულების ღირებულების 5%-ია, დადგა ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის გარემოება. ამასთან, როდესაც ჯარიმების საერთო რაოდენობამ გადააჭარბა გარიგების ღირებულების 4%-ს (112 000 ლარს), ხელშეკრულების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგა გარემოება ხელშეკრულების მოშლის, თუმცა არც მოცემული შემთხვევას დაუთმო მერიამ ყურადღება. ამდენად, სახეზეა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, ვინაიდან ფაქტია, რომ „შემსრულებელი“ ორგანიზაცია 4-ჯერ იქნა დაჯარიმებული, რაც თავის მხრივ უთითებს იმ ფაქტზე, რომ ხელშეკრულების შესრულებისას გამოვლენილ იქნა მნიშვნელოვანი ნაკლი. ჯარიმები დაკისრებულია არა ვადა გადაცილების, არამედ ნაკლოვანი ნივთის წარდგენის და შემდგომ მისი ვერ გამოსწორების საფუძვლით. შესაბამისად, მოცემული გარემოებების ერთობლიობა სრულ საფუძვლებს ადგენს, რათა ვადაზე ადრე შეწყვეტილიყო ხელშეკრულება.

ცნობისთვის: . „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის აპრილში მონიტორინგის წარმოადგინა, ხოლო ნოემბერში გამოსცა სპეციალური ანგარიში, სადაც აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციამ 2017 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ თვითმმართველობის ორგანოებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულომ უარი უნდა თქვას მგგ-ის დამტკიცებაზე და დოკუმენტი საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა შეიცვალოს. ორგანიზაციის შეფასებით, დოკუმენტის არსებული სახით მიღება, თბილისის შემდგომი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად საზიანო იქნება. სწორედ საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციამ 2018 წლის 15 იანვარს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა. ორგანიზაცია მზადაა, დავა სასამართლო წესითაც გააგრძელოს.

ბეჭდვა