ადვოკატი: ვის იცნობს, ვისთან რა კავშირი ჰქონდა ზურაბ იდოიძეს, ამაზე ვერ ვისაუბრებ
ადვოკატი: ვის იცნობს, ვისთან რა კავშირი ჰქონდა ზურაბ იდოიძეს, ამაზე ვერ ვისაუბრებ
14:25 11.01.2018
პანკისში 9 იანვარს დაკავებული ზურაბ იდოიძის საქმეზე სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯლობს. მას ბრალი სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით წაუყენეს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას ითვალისწინებს. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

ადვოკატ დავით მოდებაძის ინფორმაციით, იდოიძე კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს.

“დუმილის უფლებას იყენებს. ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ არანაირ განცხადებას არ აკეთებს. ჩვენ მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

ვის იცნობს, ვის არ იცნობს, ვისთან რა კავშირი ჰქონდა, ამაზე ვერ ვისაუბრებ. მოვა დრო, როცა არსებითი განხილვები დაიწყება და ჩვენ ყველაფერს ვიტყვით”-განაცხადა ადვოკატმა.

სუს-მა ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ზურაბ იდოიძე ორი დღის წინ დააკავა. იწყების ინფორმაციით, დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

ბეჭდვა