ადვოკატი ქეთი ბექაური აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა
და ხელისუფლების დაკვეთა პირნათლად შეასრულა.
მისი შეფასებით, დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი პირების სასამართლო პროცესი სრული დარღვევებით მიმდინარეობდა - მათ არ მიეცათ არგუმენტების წარდგენის საშუალება და უფლება, რადგან მოსამართლემ უარი თქვა პაექრობაზე და აშკარად ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო.
„მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალექსანდრე შალამბერიძე 40 250 ლარით, გიორგი მოსიაშვილი კი - 125 350 ლარით დააჯარიმა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“- განაცხადა ბექაურმა.
საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის შემწირველი 17 პირი სამართალდამრღვევად ცნო. ყველა მათგანს განხორციელებული შეწირულობის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად, შეწირულობის კანონიერება 17-მა პირმა ვერ დაასაბუთა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 1, „თავისუფალი საქართველო“ - 4, „ეროვნული ფორუმი“ - 7, „კონსერვატიული პარტია“ - 4, „ქართული ოცნება“ – 1. შესაბამისად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა და სასამართლოს გადაეგზავნა.
