თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამართალადამრღვევად ცნობილი 17 პირი პოლიტიკური
გაერთანებისთვის გადარიცხული თანხების ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიისთვის თანხის შემწირველი დავით ბაციკაძე 135 750 ლარით დაჯარიმდა,ზაალ გოგსაძე - 60 000 ლარით, გიგა ბუკია - 177 250 ლარით, გივი რამაზაშვილი - 80 000 ლარით, ბიძინა გუჯაბიძე - 150 000 ლარით, კახა ჩაკვეტაძე - 93 460 ლარით, ლევან ჩიჩუა - 24 987 ლარით, ლეილა ცქარეული - 20 000 ლარით, მარინა ნადირაძე - 57 500 ლარით, ირმა დავითაძე - 78 365 ლარით, ავთანდილ დავითაძე 114 - 192 ლარით, გიორგი მოსიაშვილი - 125 350 ლარით, მაია თანიაშვილი - 24 987 ლარით, ირაკლი ჭუბაბრია - 79 145 ლარით, ალექსანდრე შალამბერიძე - 40 250 ლარით, ბარდი ცინცქილაძე - 40 100 ლარით, ბეჟანე ედიშერაშვილი - 25 000 ლარით.
აღნიშნულმა პირებმა ჯარიმა სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.
თუმცა, როგორც ადვოკატები ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავენ, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეწირულობის კანონიერების დაუსაბუთებლობის გამო, 17 პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი 6 ივლისს შეადგინა.
სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ ეტაპზე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად 32 პირი დაიბარა.
სამსახურის განცხადების თანახმად, სულ - 27 პირი გამოიკითხა. მათ შორის, 6 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 4 - „თავისუფალი საქართველოდან“, 8 – „ეროვნული ფორუმიდან“, 5- „კონსერვატიული პარტიდან“, 2 - „რესპუბლიკური პარტიიდან“, 2- „ქართული ოცნებიდან“. 5 პირს უწყება ვერ ჩაბარდა.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად, შეწირულობის კანონიერება 17-მა პირმა ვერ დაასაბუთა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 1, „თავისუფალი საქართველო“ - 4, „ეროვნული ფორუმი“ - 7, „კონსერვატიული პარტია“ - 4, „ქართული ოცნება“ – 1. შესაბამისად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
