ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11:35 09.01.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაამზადა 3 300 ერთეულზე მეტი ყალბი 1-ლარიანი მონეტა, რომლებიც ქალაქ თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ბრალდებულის მიერ დამზადებული და გასაღებული ყალბი 1-ლარიანი მონეტები, მონეტების დასამზადებლად საჭირო მასალა, ყალიბები და ხელსაწყოები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

ბეჭდვა