საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შესაწყალებელ პირთა სიას შეწყალების კომისია ამზადებს,
პრეზიდენტი კი მხოლოდ ხელს აწერს.
ამის შესახებ სააკაშვილმა „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასამართლოს მიერ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას და ამის გამო სააკაშვილისთვის სამწლიანი პატიმრობის შეფარდებას შეეხებოდა.
„შეწყალების პროცესი ასე მუშაობს - შეწყალების კომისია ამზადებს სიას და პრეზიდენტი მას ხელს აწერს. ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში, მხოლოდ ერთი საქმე იყო ისეთი, რომლის დროსაც ადამიანი კომისიასთან კონსულტაციის გარეშე შევიწყალე. ეს არასრულწლოვანი იყო და განხილვებისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ეს ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს მოხდა. სხვა დროს [სიას] ყოველთვის კომისია ამზადებდა, რომელსაც საკმარისი შემოწმებისა და ბალანსის მექანიზმები ჰქონდა შიგნით. მე მათ გადაწყვეტილებებში ეჭვი არასდროს შემიტანია.
შეწყალების უფლება შეზღუდული არსად არ არის, მათ შორის, არც საქართველოში. ეს პირადად ჩემთან არანაირ კავშირში არ არის. საქმე ინსტიტუტებს ეხება. ვნანობ ინსტიტუტების შექმნას? არა. იმას ვფიქრობ თუ არა, რომ ეს ინსტიტუტები ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა? რა თქმა უნდა. შეცდომები ბევრი იყო, მაგრამ ინსტიტუტები ყოველთვის წარმატებული იქნება“-განაცხადა სააკაშვილმა.
