ბიძინა გუჯაბიძე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს
ბიძინა გუჯაბიძე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს
13:26 08.07.2012
„კონსერვატიული პარტიის“ ეროვნული საბჭოს წევრი და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბიძინა გუჯაბიძე მოსამართლე  გიორგი მიქაუტაძეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და პრეზიდენტის პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ გუჯაბიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე სამართალდამრღვევად ცნობილი 17 პირის პროცესი მიმდინარეობს.

გუჯაბიძის თქმით, მოსამართლემ ადვოკატების მიერ დაყენებული არც ერთი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, რომლებიც მოსამართლის აცილებას, ასევე, საქმის მასალების დართვას შეეხებოდა.

როგორც გუჯაბიძე აცხადებს, მოსამართლის აცილების საფუძველი ის იყო, რომ მან გუშინდელ პროცესზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი 17-ვე პირი, თვითონაც სამართალდამრღვევებად მოიხსენია.

„მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ტენდენციური და დაკვეთების შემსრულებელია, ამიტომ, თავიდანვე ცხადია, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს“-განაცხადა გუჯაბიძემ.

ამ წუთებში თბილისს საქალაქო სასამართლოში სახლემწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი 17 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეწირულობის კანონიერების დაუსაბუთებლობის გამო, 17 პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი 6 ივლისს შეადგინა.

ბეჭდვა