ადვოკატები პოლიტიკური სუბიექტებისთვის შეწირულობის გადარიცხვის შესახებ პროცესის მიკერძოებულობაზე საუბრობენ
ადვოკატები პოლიტიკური სუბიექტებისთვის შეწირულობის გადარიცხვის შესახებ პროცესის მიკერძოებულობაზე საუბრობენ
13:14 08.07.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი 17 პირის  სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს „ეროვნული ფორუმის“ წევრის მარინა ნადირაძის ადვოკატმა ზურაბ დიასამიძემ განუცხადა, სასამართლო პროცესი მიკერძოებულად მიმდინარეობს. მისი განმარტებით, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ ადვოკატების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა მოსამართლის აცილების და პროცესის გადადების შესახებ, თუმცა, არც ერთი არ დაკმაყოფილდა. მოსამართლე არ გვაძლევს გონივრულ ვადას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარმოსადგენად. ეს გამოიხატება იმაში, რომ მოსამართლეს უკვე გარკვეული აქვს პოზიცია, და ის პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებას გამოიტანს“ - განაცხადა ზურაბ დიასამიძემ.

„ეროვნული ფორუმის“ წევრმა მარინა ნადირაძემ ამ პარტიის სასარგებლოდ 11 500 ლარი გადარიცხა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეწირულობის კანონიერების დაუსაბუთებლობის გამო, 17 პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი 6 ივლისს შეადგინა.


ბეჭდვა