თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი 17 პირის სასამართლო პროცესი დღეს იმართება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეწირულობის კანონიერების დაუსაბუთებლობის გამო, 17 პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი 6 ივლისს შეადგინა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
განცხადების თანახმად, 17 პირის მიმართ ოქმი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შედგა.
სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ ეტაპზე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებლობის დასადგენად 32 პირი დაიბარა.
სამსახურის განცხადების თანახმად, სულ - 27 პირი გამოიკითხა. მათ შორის, 6 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, 4 - „თავისუფალი საქართველოდან“, 8 – „ეროვნული ფორუმიდან“, 5- „კონსერვატიული პარტიდან“, 2 - „რესპუბლიკური პარტიიდან", 2- „ქართული ოცნებიდან“. 5 პირს უწყება ვერ ჩაბარდა.
სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად, შეწირულობის კანონიერება 17-მა პირმა ვერ დაასაბუთა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 1, „თავისუფალი საქართველო“ - 4, „ეროვნული ფორუმი“ - 7, „კონსერვატიული პარტია“ - 4, „ქართული ოცნება“ – 1. შესაბამისად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
