საქართველოს სახალხო დამცველი ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ სახალხო დამცველის „ფეისბუქის“ გვერდზეა ნათქვამი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 6 ივლისს, დაახლოებით 23:35 საათზე, სოციალურ ქსელსა და ცალკეული მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ არეულობასა და დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის შესახებ.
„7 ივლისს, 00:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ გლდანის #8 დაწესებულებაში. ვიზიტის დროს მათ შემოიარეს დაწესებულების ყველა კორპუსი. დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და მასობრივი არეულობის ან რაიმე ინციდენტის ნიშნები არ აღინიშნება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა, თავისუფლებააღკვეთილ პირებს, ასევე, მათი ოჯახის წევრებს და ახლობლებს ზიანი მიაყენოს.
