ინგოროყვას კლინიკის პროფესორის, ვახტანგ ქაცარავას განცხადებით, რუსთაველზე დაჭრილ მოზარდს
ოპერაცია ჩაუტარდა.
მისივე თქმით, პაციენტმა ბევრი სისხლი დაკარგა, ამიტომ მისთვის ამ დრომდე მიმდინარეობს სისხლის გადასხმა.
ამის შესახებ ქაცარავამ რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ დაჭრილი 15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.
„შემოვიდა მძიმე მდგომარეობაში გემორაგიული შოკით, ანუ წნევა ჰქონდა დაბალი სისხლდანაკარგის გამო. ჩაუტარდა ოპერაცია, გულ-მკერდი გაიხსნა, ინახა სისხლმდენი ადგილები. ეს იყო ნეკნთა შორის არტერიისა და ფილტვის დაზიანება, მაგრამ არა გულის დაზიანება. ალბათ 4-5 ჭრილობა ჰქონდა გულ-მკერდის არეში და მუცლის არეში. ჰქონდა დანით მიყენებული ჭრილობა. ყველაზე რთული ჭრილობა იყო სისხლძარღვის ჭრილობა, რომელმაც გამოიწვია პლევრის ღრუში სისხლდენა, თითქმის 1 ლიტრი სისხლი იყო ჩაღვრილი, 15 წლის ასაკია, ამიტომ ეს მისთვის ძალიან მძიმე სისხლდანაკარგია, თუმცა ოპერაციის დროს მოხდა სისხლდენის შეჩერება. გადაესხა სისხლი და ახლაც მიდის სისხლის გადასხმა“- განაცხადა პროფესორმა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მუშაობს პოლიცია. ინციდენტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
