მიხეილ სააკაშვილი ქართულ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს
 მიხეილ სააკაშვილი ქართულ სასამართლოს უნდობლობას უცხადებს
15:35 13.12.2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა.
ამასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადება დაცვის მხარემ დღეს სასამართლო პროცესზე გაახმოვანა.
სააკაშვილი დაცვაზე უარს ამბობს და ადვოკატების აცილებას ითხოვს. შესაბამისად, ხვალიდან მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნება. მისი ვინაობა ცნობილი სასამართლო პროცესზე გახდება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დავით კაკოიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში აღნიშნული საქმის მიზანი ისაა, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს განაჩენის გამოტანა და არა სიმართლის დადგენა.
„ეს პროცესები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიდის დაჩქარებული წესით. ბრალდების მხარემ მოწმეთა თითქმის ნახევარიც კი მოხსნა, იმის გამო რომ მალე დაესრულებინა ეს საქმე, შესაბამისად, ამ საქმის ერთადერთი მიზანი ის კი არაა რომ სიმართლე დადგინდეს და კანონის უზენაესობამ იზეიმოს, არამედ ის რომ, რაც შეიძლება მალე იქნას განაჩენი გამოტანილი, რომელიც გადაეგზავნება უკრაინას და შემდეგ მოხდება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება. პროცესის ხვალ ჩანიშვნა არის აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული, იმიტომ რომ, ხვალ რომც მოვიდეს სახაზინო ადვოკატი, მას უნდა ჰქონდეს სათანადო დრო რომ გაეცნოს საქმის მასალებს“- განაცხადა ადვოკატმა.

ბეჭდვა