განათლების მინისტრი: სკოლების მიმდებარე პერიმეტრს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს, რომელსაც მანდატურებთან მჭიდრო კავშირი ექნება
განათლების მინისტრი: სკოლების მიმდებარე პერიმეტრს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს, რომელსაც მანდატურებთან მჭიდრო კავშირი ექნება
14:52 07.12.2017
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, სკოლებში ფსიქოლოგები იმუშავებენ და გარდა ამისა, ახალგაზრდებთან შეხვედრა და მათი აზრისა და დამოკიდებულების მოსმენა მოხდება.

მინისტრის განცხადებით, სკოლების მიმდებარე პერიმეტრს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს, რომელსაც მანდატურებთან მჭიდრო კავშირი ექნება.

„საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას და მინდა გითხრათ, რომ მანდატურების სამსახური გადაიხედება და გაძლიერდება. რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მათსა და საპატრულო პოლიციას შორის.

საპატრულო პოლიციის დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები. იმისთვის, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ, ჩართულნი იქნებიან ფსიქოლოგიის დარგის მაგისტრანტები და დოქტორანტები.

დიალოგი ახალგაზრდებთან აუცილებელია- მათ აქვთ თავიანთი ხედვები მომხდარზე და პრობლემაზეც. ასე რომ, შეხვედრები გვექნება ახალგაზრდებთან, რომ მათი აზრი მოვისმინოთ“-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ბეჭდვა