საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ
ინციდენტზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის, რომ მან თბილისში მომხდართან პარალელურად წყალტუბოში მომხდარი უბედური შემთხვევა არ ახსენა, შესაძლოა უკმაყოფილების მიზეზი გახდეს.
პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
“მთავრობის სხდომის დაწყებისას ვისაუბრე ტრაგედიაზე, რომელიც თბილისში დატრიალდა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა და პარალელურად არ ვახსენე წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც ასევე 17 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.
მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, რომ ერთად არ ვახსენე ეს ტრაგედიები, რომლებიც პრინციპში ერთ პერიოდში მოხდა და არ მინდა, ამან გამოიწვიოს რაიმე უკმაყოფილება და გულისწყრომა, რაც აბსოლუტურად სამართლიანი იქნებოდა. ამიტომ, მინდა, გავაკეთო განმარტება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, საქართველოში სადაც არ უნდა მოხდეს მსგავსი რამ, ყველგან დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის და რეაგირებაც, რომელსაც სახელმწიფო მოახდენს ასეთ უბედურებასა და ტრაგედიაზე, იქნება, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით”-განაცხადა პრემიერმა მედიასთან.
