შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის მომდარ დაპირისპირებასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა.
მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი - საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე - მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
