კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მასში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს ჯარიმის გადახდის ვადა ამოეწურათ.
პარტიებს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა გუშინ დღის ბოლომდე ჰქონდათ, თუმცა, ისინი გადახდას არ აპირებენ.
კოალიციის ადვოკატების განმარტებით, ამ შემთხვევაში, იძულებითი აღსრულება იწყება.
როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, სააღსრულებო ფურცლით სასამართლოს აღსრულების ბიუროსთვის ჯერ კიდევ არ მიუმართავს.
„სანამ ბიუროში არ შემოვა სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების ეროვნული ბიურო არაფერს აპირებს. სააღსრულებო ფურცელი კი - ჯერ კიდევ არ შემოსულა“- განუცხადეს „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში.
საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული თანხა ექვს სუბიექტს - „რესპუბლიკურ პარტიას“, „თავისუფალ დემოკრატებს“, „კონსერვატიულ პარტიას“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ შორის უნდა გადანაწილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სარჩელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და იგი უცვლელი დატოვა.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები. შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული.
