კომპანია „კრისტალის“ ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი, რომელიც რამდენიმე თანამშრომელთან ერთად დღეს დილიდან დაკითხვაზე იმყოფებოდა, შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს.
დაუთაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სსსკ-ის 288-ე მუხლითაა აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„კრისტალის“ სხვა თანამშრომლები ამ დროისთვის კვლავ დაკითხვაზე არიან.
„კრისტალი", რომელსაც კონცენტრირებული ქლორით სავსე ავზი ეკუთვნოდა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფირმაა. ავზიდან ქლორმა წუხელ ლილოს დასახლებაში გაჟონა. შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები და ორი ფეხმძიმე ქალი. ისინი თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
განსაკუთრებით მძიმეა 18 წლის ლაშა ნარიმანიძის მდგომარეობა, რომელიც ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ამჟამად, ქლორის ავზი დაუსახლებელ, უსაფრთხო ადგილზეა გადატანილი.
