სასჯელაღსრულების სამინისტრო: მერაბიშვილს არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა
სასჯელაღსრულების სამინისტრო: მერაბიშვილს არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა
18:00 01.11.2017
სასჯელაღსრულების სამინისტრო ვანო მერაბიშვილის ვადამდე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა.

განცხადებას „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

“მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა. შესაბამისად, ივანე მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში ვადამდე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ვადა დამოკიდებულია პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს მოსახდელი სასჯელის არანაკლებ ნახევარი, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ ორი მესამედი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - არანაკლებ სამი მეოთხედი. აღნიშნული ვადის მოხდის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. ადგილობრივი საბჭო თვის დასაწყისში მიღებულ შუამდგომლობებს განიხილავს შემდეგი თვის ხუთ რიცხვამდე. საბჭო ყველა შესულ შუამდგომლობას სავალდებულო წესით იხილავს”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილს უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება და რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპყრობილეს, სავარაუდოდ,ახალ წლამდე დატოვებს.
წყაროს ინფორმაციითვე, ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი ყოფილმა მაღალჩინოსანმა ნამდვილად ჩაიბარა.

ბეჭდვა