მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, ელექტრომოწყობილობებს, რომელზეც
ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ცუდად გახდომის მომენტია ასახული ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ამის შესახებ გოგაძემ 5 დღის წინ ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამოვიღეთ ვიდეოჩანაწერები, ამოვიღეთ ის ელექტრომოწყობილობები, რომლებზეც ეს ვიდეოჩანაწერებია დაფიქსირებული და დათვალიერდა. დათვალიერების შედეგად, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ ვიდეოებზე არის ასახული მხოლოდ ცუდად გახდომის შემდგომი პერიოდი და დაკავების პროცესი არ არის ასახული. დანიშნულია ექსპერტიზები და დაადგენს, თუ არის რაიმე მანიპულაციები მომხდარი ჩამწერ ელექტრონულ მოწყობილობებზე. შესაძლებელი ყველაფერია, თუმცა ყველაფრის დადგენაა საჭირო“ - განახცადა გოგაძემ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე 25 ოქტომბერს მოხდა. მაშინ როდესაც პაატა პავლიაშვილი მეგობრის დაკავებას ეწინააღმდეგებოდა, სამართალდამცველებმა მისი დაკავებაც სცადეს, რა დროსაც პავლიაშვილი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
