თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე
საათის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც შსს-ში განმარტავენ, ავომანქანას, რომელიც შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომობილს შეეჯახა, „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა. მას ჯარიმის სახით 250 ლარი დაეკისრა.
„„ბმვ“-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია. კერძოდ, უკუსვლით მოძრაობისას ის შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას შეეჯახა. აღნიშნული ავტომანქანით შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ. აქვე შევნიშნავთ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია საარჩევნო უბნის პერიმეტრზე განლაგებული საპოლიციო ძალების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა პოლიციელების მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის გადაცდომას.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის ბრალეულობა ადგილზე ჩატარებული შესაბამისი მოქმედებებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 250 ლარით დაჯარიმდა“-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
