შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ყოფილი თანამშრომლის გოჩა მუკბანიანის
განცხადებით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე არც იარაღი და არც საბრძოლო მასალა არ ყოფილა.
აღნიშნულის შესახებ მან სასამართლოში მოწმედ დაკითხვის შემდეგ აღნიშნა.
მუკბანიანის განცხადებით, მას მაშინდელმა მისმა უფროსმა და ბრალდებულმა გურამ დონაძემ პირველ წუთებში გადაღებული კასეტა გამოართვა და ეს მასალა მას შემდეგ არავის უნახავს.
„შემთხვევის ადგილზე არანაირი იარაღი, არანაირი საბრძოლო მასალა არ შემინიშნავს. იყო ასეთი შემთხვევა, რომ ნახევარი საათის მანძილზე მოშორებული ვიყავი შემთხვევის ადგილს. გადმოსვლის შემდეგ სულ სხვა სურათი დამხვდა- დაკავებული მოქალაქეების მანქანის საბარგულზე დამხვდა ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები და გარდაცვლილის ფეხებთან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი“-განაცხადა მუკბანიანმა.
ბრალდებული გურამ დონაძე მუკბანიანის ჩვენებას ცრუს უწოდებს.
