საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ფინეთის შინაგან საქმეთა
სამინისტროს საზღვრის დაცვის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იაკო კაუკანენი და საზღვრის დაცვის უსაფრთხოების ექსპერტი, მაიორი იესე სეპალა ეწვივნენ. სტუმრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ლევან ჭაბუკიანმა უმასპინძლა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ იმსჯელეს. საქართველოს სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ფინელმა კოლეგებმა ქართულ მხარეს საზღვრის დაცვის სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის დელეგაციის წევრები შსს–ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს ეწვივნენ და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N6 სასაზღვრო სექტორი (სადახლო) და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილება.
