შსს-ს მაშველებმა და პოლიციელებმა თოვლში ჩარჩენილ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს
შსს-ს მაშველებმა და პოლიციელებმა თოვლში ჩარჩენილ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს
09:55 18.10.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზეკარის უღელტეხილზე, ალპურ ზონაში, თოვლში ჩარჩენილი ორი ტურისტი გზის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა და დახმარება სჭირდებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე,ტურისტების დასახმარებლად დაუყოვნებლივ გაემართნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს ბაღდათის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.

შსს-ს ცნობით, სამაშველო ჯგუფმა, ინტენსიური სამძებო სამუშაოების შედეგად, საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეების ადგილსამყოფელის დადგენა შეძლო. ტურისტების დასახმარებლად ჩატარებულ გზის გაწმენით სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა აწარმოებდა.

წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა და პოლიციელებმა საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეები მთიდან უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.

ბეჭდვა