„ექსპრეს ბანკის“ თანამშრომლებზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებისთვის ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
„ექსპრეს ბანკის“ თანამშრომლებზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებისთვის ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
11:28 16.10.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების რულად გაიზიარა და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის ბრალდებული ი.ბ. საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დამნაშავედ სცნო.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს, დაახლოებით 17:25 საათზე, ი.ბ. ქ.თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა სს „საქართველოს ბანკის“ კუთვნილ თანხას 25 424, 97 ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა ი.ბ. მიმდინარე წლის 18 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ბ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.”-ნათქვამია განცხადებაში.
ბეჭდვა