„ქართუ ბანკის“ აქციების 100%-იანი წილის მფლობელი „ქართუ ჯგუფის“ აქციების მყიდველი გახდება
„ქართუ ბანკის“ აქციების 100%-იანი წილის მფლობელი „ქართუ ჯგუფის“ აქციების მყიდველი გახდება
13:09 03.07.2012
„ბანკი ქართუს“ აქციების 100% აუქციონზე „ქართუ ჯგუფის“ აქციებთან ერთად გავიდა.
როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს,  ბანკი „ქართუს“ 100%-იანი წილის მფლობელი „ქართუ ჯგუფია“, შესაბამისად, „ქართუ ჯგუფის“ აქციების მყიდველი, ავტომატურად ბანკი „ქართუს“ აქციების მფლობელიც გახდება.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საქმეზე დაყადაღებული ქონება აუქციონზე გუშინ გაიტანა. უწყების განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს ,,ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7%-ზე სს „პროგრეს ბანკში" აუქციონი გამოცხადდა.
„ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციებზე გამოცხადებული აუქციონი 10 ივლისს დასრულდება.
„ქართუ ჯგუფის“ აქციების 100%-ის საწყისი ფასი 75 940 330,50 ლარია, ხოლო ვაჭრობის 1 ბიჯი 1 518 806,61 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება „პროგრეს ბანკის“ 21,7%-ს, აუქციონზე მისი საწყისი ფასი 1 783 249 ლარს შეადგენს, ვაჭრობის 1 ბიჯი კი - 35 664,98 ლარია.
აუქციონი ონლაინ ეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ვაჭრობაში მონაწილეობა არავის მიუღია.
აღსრულების ბიუროში აცხადებენ, რომ აქციების 100% სს ,,ქართუ ჯგუფში" ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 151 880 661 ლარად შეაფასა, ხოლო აქციების 21.7%-ი სს „პროგრეს ბანკში" – 3 566 498 ლარად. მათივე ცნობით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით დაახლოებით 75 მლნ ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და მის გადახდას არ აპირებს.



ბეჭდვა