„სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ქსნის #15 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ
არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„სამოქალაქო სოლიდარობის“ წარმომადგენლებმა დღეს ქსნის ციხესთან აქცია გამართეს და პატიმრების მიმართ განხორციელებული ქმედებები გააპროტესტეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიიდან“ აცნობეს, რამდენიმე დღის წინ #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა საქართველოს სახალხო დამცველს მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, კოლექტიური განცხადებით მიმართეს.
„სოლიდარობის კამპანიის“ ინფორმაციით, განცხადებას დაახლოებით 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს, რომელშიც მათ მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეა საუბარი.
„სამოქალაქო სოლიდარობის კამპანია“ პატიმრებს სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს მთავარ პროკურატურას ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას სთხოვს.
