ქალთა საპატიმროში მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
ქალთა საპატიმროში მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
14:37 29.09.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტისა და ფანქრითა და წყლის საღებავებით ხატვის პროგრამების დასრულებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალბატონების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამა სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა და განათლების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. სასწავლო კურსების ჩატარება საზოგადოებრივმა კოლეჯმა "მერმისმა" უზრუნველყო.


სასჯელაღსრულების სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელის, ლეილა აფციაურის განცხადებით, სასწავლო კურსი ძალიან კარგი შედეგით დასრულდა.

"სასწავლო კურსის დასრულებასთან დაკავშირებით, მსჯავრდებულმა ქალბატონებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. ძალიან კარგი შედეგია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქალბატონებისგან არის მოთხოვნა, აღნიშნული პროგრამები მომავალშიც გაგრძელდეს. ვფიქრობ, განათლების სამინისტროსა და ჩვენს უწყებას შორის არსებული კოლეგიალური და პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე ეს შესაძლებელი გახდება"-განაცხადა ლეილა აფციაურმა.

კოლეჯ "მერმისის" პედაგოგის ეთერ მიშელაძის განცხადებით, თორმეტი კვირის განმავლობაში ქალბატონები დიდ ინტერესს იჩენდნენ. სწორედ ეს დრო დასჭირდათ მათ კურსის "ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტის" გასავლელად.

"21 მსმენელი მყავდა. ამ მოკლე ხანში მათ ძალიან კარგად აითვისეს ეს საქმე. მეც და მსჯავრდებულებიც კმაყოფილები ვართ,"- აღნიშნა ეთერ მიშელაძემ.

საზოგადოებრივი კოლეჯის "მერმისის" პედაგოგის ოლიკო რუხაძის თქმით, მისი მოლოდინი გამართლდა და ქალბატონებმა მცირე დროში შეძლეს სპეციალობის ათვისება.

"ადამიანებმა, რომლებსაც თავდაპირველად არანაირი უნარ-ჩვევა არ გააჩნდათ ამ კუთხით, შეძლეს ნამუშევრების შექმნა. ჩვენი ურთიერთობა მათი დიდი მონდომებით შედგა,"-განაცხადა ოლიკო რუხაძემ.

უწყების ცნობით, მსგავსი ტიპის პროგრამების განხორციელება მიზნად მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ისახავს. ასევე, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, კონკრეტულ პროფესიას დაეუფლონ.

ბეჭდვა