ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გარდაცვლილი ბათუმელი ჯარისკაცის როინ შავაძის საქმე გაიგზავნა.
ოჯახის ადვოკატი რამინ პაპიძე ევროკონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-13 მუხლების დარღვევაზე საუბრობს და ევროპული სასამართლოსგან გარდაცვლილი ჯარისკაცის მსხვერპლად აღიარებას მოითხოვს.
როინ შავაძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკების შეძენისა და შენახვის ბრალდებით, 2008 წლის 16 აგვისტოს დააპატიმრეს.
დაპატიმრებიდან რამდენიმე დღეში კი, იგი ქობულეთში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ნარკოტიკების შენახვის გამო, დაკავებული სამხედრო გაქცევის მცდელობისას სროლის შედეგად დაიღუპა.
აღნიშნულ ვერსიას შავაძის ოჯახის წევრები არ იზიარებენ. ადვოკატის განცხადებით, მას საქმის მასალების საფუძვლიანად გაცნობის შესაძლებლობა არ ეძლევა, ხოლო საქმე პოლიტიკურია და განგებ ჭიანურდება.
