აღსრულების ბიურომ ბიძინა ივანიშვილის დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიტანა
აღსრულების ბიურომ ბიძინა ივანიშვილის დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიტანა
18:45 02.07.2012
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საქმეზე დაყადაღებული აქციები აუქციონზე გაიტანა.
ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დღეს, ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს ,,ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7%-ზე სს „პროგრეს ბანკში" აუქციონი გამოცხადდა.
სააღსრულებოში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აღნიშნული აქციების შეფასება აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ განახორციელა.
ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს ,,ქართუ ჯგუფში" ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული იქნა 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7%-ი სს „პროგრეს ბანკში" – 3 566 498 ლარად.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად სს ,,ქართუ ჯგუფში" ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში" კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი.
„ასევე, გაცნობებთ, რომ მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, წყდება აუქციონის მიმდინარეობა და იხსნება ქონებაზე დადებული ყადაღა“- ნათქვამია განცხადებაში.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ აღსრულების პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, სააღსრულებო სამსახური საზოგადოებას
დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“.
ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით დაახლოებით 75 მლნ ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა უკანონოა და მის გადახდას არ აპირებს.

ბეჭდვა