ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში ინციდენტი მოხდა
ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიაში ინციდენტი მოხდა
13:20 24.09.2017
„ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლისსია). შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა; ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს“-ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, ზემო აღნიშნული ინციდენტი არ იქონიებს ზეგავლენას საუბნო საარჩევნო კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაზე; დაზიანებული კედლის სია განკუთვნილია ამომრჩევლებისთვის, რომ მათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ; საარჩევნო ადმინისტრაცია უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გარდაბნის #31 საუბნო საარჩევნო კომისიაშიც დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია ასეთი ძალადობრივი ქმედებები და იმედს იტოვებს, რომ აღნიშნული ინციდენტები წარმოადგენს იზოლირებულ, დაუგეგმავ ერთეულ შემთხვევებს და არ მიიღებს საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ სისტემურ ხასიათს“-აცხადებენ ცესკოში.

ბეჭდვა