ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა
ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა
10:13 22.09.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის და მუქარისთვის ბრალდებული კ.კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი კ.კ. სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლეს ც.ს.-ს.

2017 წლის 30 მაისს, კ.კ.-მ ქ.თბილისში, მუხიანის პირველ მიკრორაიონში ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და თავის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

სამართალდამცველებმა კ.კ. 2017 წლის 30 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.კ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა