გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 49-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ მნიშვნელოვან ინციდენტებზე გამახვილდა ყურადღება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხეც ისაუბრეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება , ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა და მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა აუცილებელია.
საუბარი მიმდინარე წლის 5 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მაცხოვრებლების არჩიკო და პაატა როგავების, ასევე ბოლო პერიოდში საქართველოს სხვა მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსაც შეეხო.
შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩისა და შამგონას მიმდებარედ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, აღნიშნული უკანონო ქმედებები ადგილობრივების თავისუფლად გადაადგილების უფლებას არღვევს და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს საფრთხეს უქმნის.
სუს-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან გასული სასწავლო წლის პერიოდში ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შექმნილ პრობლემებზე და სამომავლოდ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის თავისუფლად გადაადილების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.
