თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმისთვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული, წარსულში განზრახ დანაშაულისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი დ.ფ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე დ.ფ. ნაცნობებთან ერთად ,,ტოიოტა რავ 4" მარკის ავტომობილით თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ,,მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ საბრძოლო მასალასთან ერთად ატარებდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაიგეგმა. პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომობილის შეჩერება უზრუნველყვეს და მსხდომებს წარუდგნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები. დ.ფ.-მ, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების, მიმალვის და პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ავტომობილიდან გადმოუსვლელად ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით განახორციელა რამდენიმე დამიზნებითი გასროლა, შემდეგ კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხევში გადახტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დ.ფ. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლიდან დაუდგენელ ვითარებაში შეძენილი საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა ამოიღეს. დ.ფ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ფ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
