ჭყონდიდის მიტროპოლიტმის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე
განაჩენით სასამართლომ ჩაიდინა სუიციდი, რომელიც მიუტევებელი ცოდვაა.
მამა პეტრეს თქმით, განაჩენი არის ფარისევლური და
ანტისახელმწიფოებრივი.
„დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ასევე უსამართლო, ფარისევლური განაჩენი და მე ვფიქრობ და ჩემი პირადი შეფასებით, როგორც მოსამართლემ, მის მთელ თაობას და შთამომავლობას, ასევე სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი ანუ თვითმკვლელობა, რომელიც მიუტევებელი ძალიან მძიმე ცოდვაა.
მათ, მათთვის საუბედუროდ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას უფალი ამბობს ჩვენს ცხოვრებაში და დაავიწყდათ, რომ მსაჯული არის ღმერთი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.
ეს არის თვითმკვლელობა სასამართლოსი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რამეთუ სახელმწიფო თავისუფლება ძლიერება, მისი განვითარება სასამართლოზე გადის, ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე დარჩა მონად ზეწოლისა, მონად უსამართლობისა ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება“ - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
მეუფე პეტრე ცაავას განცხადებითვე, ე.წ. ციანიდის საქმის მოსამართლემ გადაწყვეტილება კონკრეტული მაღალჩინოსნების მითითებით მიიღო.
„ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია და ნაბიჯი არ გვინახავს სინანულისა სახელმწიფოს პირველი პირებისა, რომლებიც უპრინციპოდ სდებენ ბრალს და ცილი დასწამეს დაკავებისთანავე და არ გადაუდგამთ მათ ამ ცოდვის გამოსყიდვის არანაირი ნაბიჯი“ - განაცხადა მეუფემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგანიშვილმა დღეს გამოაცხადა. დეკანოზს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.
