დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ბრძოლას არ შეწყვეტს და სასამართლო დავას სტრასბურგის სასამართლოში განაგრძობს.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ განაჩენი ბოლო სხდომიდან 3 დღეში იქნა გამოტანილი, მოსამართლეს პროცესი წინასწარ ჰქონდა შედგენილი.
"დეკანოზს ბრალი 109-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რომელიც 16- დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა. აქედან გამომდინარე, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. მე შემიძლია გითხრათ, რომ პარასკევს დამთავრდა ჩვენი ბოლო პროცესი და თუ მოსამართლეს წინასწარ არ ჰქონდა შედგენილი პროცესი, 3 დღეში გადაჩენს ვერ გაარკვევდა. ჩვენ სტრასბურგამდე ჩავალთ. ჩვენთვის სირცხვილი იყო და ათმაგად სირცხვილი იქნება მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს სტრასბურგის სასამართლო. გამოდის, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს"-აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვაში სისხლის სამართლის კოდექსის 18, 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
