აბასთუმნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
აბასთუმნის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
18:50 31.08.2017
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, დაბა აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი.

ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა ავიაცია: საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი.

ცეცხლის კერებამდე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მისაყვანად, სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, 6 კილომეტრამდე სიგრძის გზა გაიჭრა.

ამ დროისთვის, ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება. მიმდინარეობს ნიადაგის პრევენციული დამუშავება.

ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.


ბეჭდვა