აბასთუმანი კვლავ სტიქიის ზონად რჩება, ცეცხლის ღია კერები აღარ არსებობს, მაგრამ
ცეცხლის სრული ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე არ არის საჰაერო ძალის ჩართვა აუცილებელი და ამიტომ, საავიაციო ძალამ მუშაობა დროებით შეაჩერა.
ამ დროისთვის მობილიზებულია დაახლოებით 1500 მეხანძრე-მაშველი, მათგან 1200 პროფესიონალია, დანარენი კი მოხალისე.
„ახლა ვიმყოფებით ყველაზე მაღალ წერტილში, საიდანაც გზა გადადის საირმეში, ეს არის ახალი გზა, რომელიც გაიჭრა მძიმე ტექნიკის მიერ. მთაზე არის კავშირგაბმულობის მანქანა, რომელსაც კავშირი აქვს როგორც ავიაციასთან, ასევე ცოცხალ ძალასთან, რომელიც ამ წუთებში ტყეში მუშაოიბს. მობილური კავშირის არქონის გამო გახდა საჭირო კავშირგაბმულობის სისტემის ჩართვა. კონტაქტს მხოლოდ რაციებით ვახერხებთ.
ამ დროისთვის ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს და ამიტომ, ავიაციის მუშაობა ამ ეტაპზე დასრულდა. დროებით შევაჩერეთ ვერტმფრენების მუშაობა, ხოლო თუ კვლავ გახდა საჭირო, ხუთი ვერტმფრენი ადგილზეა,რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ხანძრის ქრობის პროცესში. თუმცა, ვიმედოვნებ რომ ღია კერები აღარ გაჩნდება“-განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, გამოძიება ხანძრის დაწყების პირველივე დღიდან დაწყებულია, როგორც აბასთუმანში, ასევე ბორჯომის ხეობაში.
„ამ ეტაპზე, რადგან სრული ლიკვიდაცია გვაქვს წაღვერის და ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ადგილზე ჩასულები არიან გამომძიებლები და ათვალიერებენ შემთხვევის ადგილს“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
