სანქტ-პეტერბურგში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სახელმწიფოებს შორის სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდენენ.
ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები იუწყებიან.
„ჩვენ დავაფიქსირეთ ქვეყნებს შორის არსებითი ურთიერთგაგება“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, ძალაში შევიდა შეთანხმება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებზე იმუშავებს.
როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს არის „ხარისხობრივად წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ადრე არარეალური იყო იმის წარმოდგენაც კი, რომ რუსეთი და აშშ ერთობლივად იმუშავებენ სამხედრო-ტექნიკურ თემატიკაზე“.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის აუცილებლობაზე.
მხარეები შეთანხმდნენ იმსჯელონ აშშ-სა და რუსეთის საინვესტიციო კლიმატის ერთობლივი შეფასების მექანიზმის შემუშავების შესახებ.
ამასთანავე ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ჯერ კიდევ რჩება პრობლემური საკითხები, რომლებიც „ურთიერთობაში გაღიზიანებას იწვევს“.
პრობლემურ საკითხებს შორის მან დაასახელა „რუსეთიდან ამერიკის მოქალაქეების მიერ ნაშვილები ბავშვებისადმი მოპყრობის გამწვავებული თემა და ე.წ. მაგნიტსკის სიის ირგვლივ არსებული ვითარება“.
კლინტონი ასევე შეხვდა რუსეთის უფლებადამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული რუსული არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსების ახალი ფორმის მოძიების საკითხები.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მმართველმა პარტიამ სახელწმიფო სათათბიროში შეიტანა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უცხოელი აგენტის სტატუსი მიენიჭება ყველა იმ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს.
შეხვედრაში მონაწილე ორგანიზაციების განცხადებით, კლინტონი მიიჩნევს, რომ ეს ორგანიზაციები უცხოური დაფინანსების გამო დარტყმის ქვეშ არ უნდა მოექცნენ.
