რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კრემლი მის წინააღმდეგ მტრულ გამოხტომებს
პასუხის გარეშე არ დატოვებს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ვერანაირი დაშინებითა და ზეწოლით რუსეთს ვერ აიძულებენ აღებული კურსი შეიცვალოს ან ეროვნულ ინტერესბზე უარი თქვას.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით გაავრცელა.
ამავე ფაქტს გამოეხმაურა რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევიც.
მედვედევის განცხადებით, კანონპროექტის მიღებასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადა და ამით თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედსაც ბოლო მოეღო.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. დოკუმენტში დაწვრილებით არის ჩამოთვლილი რუსეთის ყველა ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად ფასდება, მათ შორის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. აღნიშნული კანონი ავალდებულებს პრეზიდენტს, მოუწოდოს რუსეთს გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან
