ქეთრინ ეშტონი მხარეებს მოუწოდებს პატივი სცენ პარაგვაელი ხალხის დემოკრატიულ ნებას
ქეთრინ ეშტონი მხარეებს მოუწოდებს პატივი სცენ პარაგვაელი ხალხის დემოკრატიულ ნებას
12:47 24.06.2012
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი პარაგვაიში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით   შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ პარაგვაელი ხალხის დემოკრატიულ ნებას. ამის შესახებ უმაღლესი წარმომადგენლის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, ეშტონი მიესალმება ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას ადგილზე დამკვირვებელთა ჯგუფის გაგზავნის შესახებ.
თავის მხრივ, ევროკავშირი პარაგვაიში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რეგიონალურ მოთამაშეებთან კავშირზე დარჩება.
ამასთან, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა პარაგვაიდან საკუთარი ელჩების გაწვევა გადაწყვიტეს. ნაწილმა ისინი კონსულტაციისთვის გაიწვია, ნაწილმა კი - ქვეყანაში დემოკრატიული წერსიგის აღდგენამდე.
პარაგვაის პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენა. იმპიჩმენტის პროცედურა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების არასათანადოდ შესრულების გამო დაიწყო. კონკრეტულად, საქმე ეხება 15 ივნისს პოლიციასა და ფერმერებს შორის შეტაკებას, რომლის დროსაც 17 ადამიანი დაიღუპა.
პრეზიდენტის მოვალეობას 2013 წლის აპრილამდე, პარაგვაის ვიცე-პრეზიდენტი, 49 წლის ფედერიკო ფრანკო შეასრულებს. საყოველთაო არჩევნები პარაგვაიში სწორედ ამ დროსაა დაგეგმილი.

ბეჭდვა