სირიის ხელისუფლება თურქული გამანადგურებლის ჩამოგდების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
ამის შესახებ „ფრანს პრესი“ სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“-ზე დაყრდნობით იუწყება.
„დაუდგენელმა თვითმფრინავმა სირიის საჰაერო სივრცე დასავლეთიდან დააღვია და ქვეყნის ტერიტორიულ წყლებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ძალიან ახლოს, დიდი სისწრაფით გადაუფრინა“ - ციტატა “სანა“-ს სირიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციიდან მოჰყავს.
მისივე ინფორმაციით, თვითმფრინავს, რომელიც სანაპიროსთან ერთი კილომეტრის სიახლოვეზე იმყოფებოდა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ცეცხლი გაუხსნეს. საფრენი აპარატი სანაპიროდან დაახლოებით 10 კილომეტრში, სირიის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა.
მოგვიანებით დადგინდა, რომ განადგურებული სამიზნე თურქული სამხედრო თვითმფრინავი იყო.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც როგორც თურქული, ისე სირიული მხარე მონაწილოებს.
ბორტზე მყოფი ორი მფრინავის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.
