„დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეთა უმრავლესობამ მკვეთრი განცხადებებით გამოხატა უკმაყოფილება კრიზისთან ბრძოლის მხრივ ევროზონის წევრი ქვეყნების არაჯანსაღი დამოკიდებულებით. იუწყება „ბი-ბი-სი“.
G20-ის სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებმა მექსიკაში, ევროპის ქვეყნებს ევროზონის კრიზისის დასაძლევად სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ევროზონის კრიზისს მსოფლიო ეკონომიკისთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი უწოდა.
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, ეს კრიზისი არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრიზისში მყოფი ქვეყნებისთვის პროტექციონური ზომების მიღებაზე ნების დართვის წინადადებით გამოვიდა.
საბერძნეთში არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ახალი დემოკრატია“ ეკონომიის მკაცრი ზომების შესახებ ევროკავშირთან შეთანხმებული პაკეტის შესრულების მომხრეა, რამაც ბაზრებს ოპტიმიზმი ვერ შემატა.
ლოს-კაბოსში სამიტის მონაწილეებმა განგაში შექმნეს ევროზონის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არასათანადო პროგრესის გამო.
მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის რობერტ ზელიკის განცხადებით, ბანკი ელოდება, როდის იტყვის ევროპა თუ რა ზომების მიღებას აპირებს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მეთაურმა პასკალ ლამიმ ლიდერები გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ევროზონის კრიზისი უკვე საშიში ტენდენციის გავრცელების წყარო ხდება. ლამის თქმით, გაურკვევლობის ატმოსფერო პროტექციონიზმის ზრდას უწყობს ხელს, რაც მისი აზრით, თავის მხრივ, თავისუფალ ვაჭრობას ემუქრება.
აღინიშნა, რომ პროტექციონიზმის სასარგებლოდ ვლადიმერ პუტინის განცხადება, ეწინააღმდეგება მსო-ს პრინციპებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
კანადის პრემიერმა სტივენ ჰარპერმა კი, ევროზონის ქვეყნების ლიდრებს სტრუქტურული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა, რათა ვალების გამო შექმნილ კრიზისს დააღწიონ თავი.
„გულღიად, რომ ვთქვა აქ იმისთვის არ ვართ ჩამოსული, რომ ეკონომიკისა და დემოკრატიის შესახებ დარიგებები მოვისმინო“ - ასეთი იყო ჟურნალისტებთან საუბარში ევროკომისიის პრეზიდენტის რეაქცია ამ განცხადებებზე.
