სირიაში შეტაკებები და დაბომბვა განახლდა. სირიელი აქტივისტების მონაცმებით, გუშინ 70-მდე ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა დამასკოს მიმდებარე
სოფლების მოსახლეობაა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
სირიის ხელისუფების ინფორმაციით, შეტაკებებისას დაღუპული 22 სამხედრო მოსამსახურე დაიკრძალა.
გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც სავარაუდოდ, ქვეყნის სამხრეთით დერაას პროვინციაშია გადაღებული, იმის თაობაზე თუ როგორ გლოვობენ ნათესავები 13 ცხედარს. ზოგიერთ მათგანს უჩვეულო დამწვრობის კვალი ეტყობა. ოპოზიციონერ აქტივისტთა აზრით, ეს შესაძლოა, ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მეტყველებდეს.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 ათასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი. აპრილიდან სირიაში კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა მოქმედებს, თუმცა, კონფლიქტში ჩართული მხარეები ახალი შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ მუდმივად აკეთებენ განცხადებებს.
