სერგეი ლავროვი ჰილარი კლინტონს პასუხობს
სერგეი ლავროვი ჰილარი კლინტონს პასუხობს
18:51 13.06.2012
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა დღეს, თეირანში უარყო თავისი ამერიკელი კოლეგის ჰილარი კლინტონის განცხადება - რუსეთის მიერ სირიის ხელისუფლებისთვის საბრძოლო ვერტმფრენების მიწოდების შესახებ.

„რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ვთქვი, რომ ვამთავრებთ დიდი ხნის წინ ხელმოწერილი და ანაზღაურებული კონტრაქტების შესრულების პროცესს. ეს ხელშეკრულებები მხოლოდ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს ეხება“ - განაცხადა ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი“.

ლავროვმა ჟურნალისტების ყურადღება მიაპყრო აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პენტაგონი მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.

რუსეთის ნომერმა პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოსკოვი სირიისთვის შეიარაღების მიწოდებით არ არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს და რუსეთის საექსპორტო კანონმდებლობას, რომელიც, მისი თქმით, საერთო შეფასების მიხედვით, მსოფლიოში ერთ-ერთი მკაცრი კანონმდებლობაა.

„ჩვენ არც სირიას და არც სხვას ვაწვდით ისეთ რამეს, რასაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ, სხვებისგან და იმავე შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, რომლებიც რეგიონს რეგულარულად ამარაგებენ ასეთი სპეცსაშუალებებით. ახლახანს ასეთი მიწოდება სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანაში განხორციელდა, მაგრამ ამერიკელები ამას რატომღაც ნორმალურ ფაქტად მიიჩნევენ“ - განაცხადა ლავროვმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი დამასკოს „მხოლოდ იმას აწვდის, რაც სირიას გარედან თავდასხმის შემთხვევაში დასჭირდება“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთი სირიის ხელისუფლებისთვის საბრძოლო ვერტმფრენების მიწოდებაში დღეს დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შეწუხებულია, იმით რომ რუსეთიდან სირიისკენ სამხედრო ვერტმფრენები მიემართებიან.

კლინტონის თქმით, შეერთებული შტატები შიშობს, რომ ვერტმფრენებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყონ კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციას.

ამერიკამ უარი თქვა აღნიშნული ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე.

პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბმა კი განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ინფორმაცია რუსეთის მიერ სირიაში საბრძოლო ვერტმფრენების მიწოდების თაობაზე.

სირიაში წელიწადზე მეტია ანტისახელმწიფოებრივი პროტესტი არ წყდება. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 თასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით კი, შეიარაღებულ ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 ათას 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი. აპრილიდან სირიაში კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა მოქმედებს, თუმცა, კონფლიქტში ჩართული მხარეები ახალი შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ მუდმივად აკეთებენ განცხადებებს.

ბეჭდვა