აფეთქებების სერიას ერაყში 60-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
აფეთქება დღეს ერაყის რამდენიმე ქალაქში მოხდა, რამაც ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა,
იუწყება „ასოშეიტედ პრესი“.
ტერორისტებმა ბაღდადში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი რამდენიმე მანქანა ააფეთქეს, ერთ-ერთი ბომბი პოლიციის განყოფილებასთან აფეთქდა.
ტერაქტების შედეგად, სხვადასხვა მონაცემებით, 60-მდე ადამიანია დაღუპული, რომლებიც დღეს მუჰამედ წინასწარმეტყველის შვილთაშვილის მართალი იმამის მუსას გარდაცვალების დღეს აღნიშნავდნენ.
ტერორისტები ჰილაში თავს დაესხნენ შიიტთა პროცესიას. ამ დროს ორ მანქანაში ჩადებული ბომბები აფეთქდა, რამაც ათობით კაცი იმსხვერპლა.
ერაყიდან ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ, სუნიტ ტერორისტთა მთავარი სამიზნე თანამემამულე შიიტები გახდნენ.
ხელისუფლება, რომელიც შიიტების კონტროლქვეშაა, ამ ქმედებებს რეიდებით, იატაკქვეშეთში მყოფ დაჯგუფებებთან კვშირში მყოფი სუნიტების ჩხრეკით, დაკავებითა და წამებით პასუხობს.
შიიტებზე მსგავსი თავდასხმა 10 ივნისს მოხდა, როდესაც ყუმბარმტყორცნიდან სროლის შედეგად 6 კაცი დაიღუპა.
