სირიაში თითქმის სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ეს განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში
ერვე ლადსუმა გაერო-ს შტაბ-ბინაში გააკეთა, იუწყება „იტარ-ტასი“.
მისი აზრით, ბოლო დროს, სირიაში „ძალადობამ იმდენად დიდი მასშტაბები მიიღო, რომ ეს „კონფლიქტის ბუნების სახეცვლილებას“ გულისხმობს.
ლადსუსის განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ ოპოზიციას ტერიტორიის დიდი ნაწილი და რამდენიმე ქალაქი დაუთმო და ახლა ამ რაიონებზე კონტროლის დაბრუნება სურს.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე დაეყრდნო „დადასტურებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იყენებენ არა მხოლოდ ტანკებს და არტილერიას, არამედ მოიერიშე ვერტმფრენებს“.
მისი თქმით, იმდენად, რამდენადაც ოპოზიცია წინააღმდეგობას უწევს ამ ყველაფერს, ყოველ დღე ფართომასშტაბიანი ძალადობის შემთხვევები მატულობს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რუსეთი სირიის ხელისუფლებისთვის საბრძოლო ვერტმფრენების მიწოდებაში დაადანაშაულა.
„შეწუხებული ვარ იმით, რომ რუსეთიდან სირიისკენ მიემართებიან სამხედრო ვერტმფრენები“ - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
„ბი-ბი-სი“ ინფორმაციით, კლინტონის აზრით, შეერთებული შტატები შიშობს, რომ ვერტმფრენებმა, შესაძლოა, ხელი შეუწყონ კონფლიქტის მკვეთრ ესკალაციას. ამერიკა უარს ამბობს აღნიშნული ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე.
პენტაგონის წარმომადგენელი ჯონ კირბი კი, აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ინფორმაცია რუსეთის მიერ სირიაში საბრძოლო ვერტმფრენების მიწოდების თაობაზე.
